დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრები სტიქიის ეპიცენტრში ჩავიყვანეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  იმ მოქალაქეების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრების შეხვედრა გუშინ მოხდა, რა დროსაც მათ გამოთქვეს სურვილი თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული რთული მდგომარეობა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

დაკარგული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, ” – ნათქვამია შსს-ს განცხადებში.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.