ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაციით, აქტივისტ ვახო ფიცხელაურზე დაკავებისას პოლიციამ იძალადა. ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ თქვა, რომ იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მუქარა.
„დაკავებისას ადგილი ჰქონდა, როგორც მინიმუმ, ფიზიკური ძალის გადამეტებას. ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და ასე ვთქვათ ერთგვარ, აგდებულ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და რომ, თითქოს, მას კონკრეტული პარტიის მოსვლა სურდა ხელისუფლებაში. ეს იყო ძირითადი საუბრები, რაც შედგა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსა და თავად ვახოს შორის, რასაც ასევე ვახო ადასტურებს.
[…] ძირითად, მუქარა მიმართული იყო მისი სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებასთან დაკავშირებით ანუ ემუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით, რომ იგი გაიზიარებდა იმ პიროვნებების ბედს, რომლებიც იყვნენ დაკავებულები უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან მიმართებაში, საუბარია პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავაზე და სხვა პიროვნებებზე“, – ამბობს ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას.
მოგვიანებით ადვოკატმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ზაჰესის იზოლატორში მოინახულა ვახო ფიცხელაური, რომელსაც ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აქვს:
„როგორც თავად ვახო აცხადებს, დააკავეს გორში, როდესაც მიდიოდა ბაღში ბავშვის გამოსაყვანად. დაკავებისას ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას. აღენიშნება დაზიანებები ჩალურჯებების და სისხლნაჟღენთების სახით მკლავებზე, ზურგსა და იდაყვებზე. (დაკავების დეტალებზე თავად ისაუბრებს სასამართლო პროცესზე). მიუხედავად ამისა იგი თავს მხნედ გრძნობს. ბოლოს კი ამ სიტყვებით დამემშვიდობა – „ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ!“.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავა, მათ შორისაა ვახო ფიცხელაური. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 187-ე ( ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.