დაკავებულები ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის ყუთებს ნარკოტიკის რეალიზაციისთვის იყენებდნენ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით გასაღების ფაქტები აღკვეთეს და დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 4 პირი.

„სამართალდამცველებმა, ლ.ნ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნ.კ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მათ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“.

ლ.ნ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნ. ქ.-ს კი ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის მცდელობა, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, ა. ჭ.-ის და მ. კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად და გასაღების მიზნით უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი 1, 670 მლ სითხე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ და საკურიერო სერვისის ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ყუთების გამოყენებით სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ლოკაციებიდან 15 შეკვრად დაფასოებული 16 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

ა. ჭ.-ს და მ. კ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ ბრალი, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერს შსს.