„დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ველოდებით ბრალის წარდგენას. აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, გირაოს მოვითხოვთ”, – აცხადებს გუშინ სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი.
მუკბანიანი გუშინ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ადვოკატის თქმით, საქმეშია პოლიციელთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები.
„დაკავებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავად ამბობდა, მე დავაწყნარებ აღელვებულ ხალხსო. მის მიმართ გამოიყენეს ძალა. დააგდეს დაბლა და მიყენებული აქვს დაზიანება წელის არეში”, – ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ დაკავებისას ასევე იყვნენ დაჭრილები და აპირებენ, ამასთან დაკავშირებით შეადგინონ საჩივარი და მიმართონ ექსპერტიზას.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ბრალდებულის დაკავების პროცესს პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ ეს პროცესი მიმართულია მათი პროტესტის დესტრუქციისთვის.
„არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რასაც ახლა ნათლად ვხედავთ. მოხდა რაღაც დაპირისპირება (თუ მოხდა, რა თქმა უნდა), შემდეგ 3 დღე ეძებდნენ ადამიანს, რომელიც არსად არ იმალებოდა. არც წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. არც ჩვენთვის არ მოუმართავს პოლიციას. ჩვენთან ერთად იყო ირაკლი ამ ხნის განმავლობაში. თუ მისი გამოძახება იყო საჭირო, ჩვენ თვითონ დავუკავშირდებოდით და ვეტყოდით, რომ მისულიყო პოლიციაში, რომ ასეთი სურათი არ მიგვეღო.
ანუ ფაქტია, რომ, რადგან არც ერთ ჩვენგანთან პოლიციას არ ჰქონია კომუნიკაცია ირაკლისთან დაკავშირებით, რომ მოგვეყვანა ირაკლი და თუ მას ბრალი მიუძღვოდა, ყველა ერთად გავარკვევდით ამ საკითხს, მიუვარდა საყულიაში ჯგუფი, ბანდა, რომელმაც ასეთი ძალადობრივი მეთოდებით აიყვანა ადამიანი. ამაზე ახლა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ამ ხალხს, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა მათ თავს. ვხედავთ, რომ აშკარაა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და ვხვდებით, რაც არის ამის მიზანი – რომ მოხდეს კიდევ დაპირისპირება და რომ ჩვენ ვეღარ ვმართოთ პროცესი. და შემდეგ მოხდეს ჩვენი პროტეტის განეიტრალება”, – ამბობს გოლეთიანი.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ი.მ.-ს დაკავების დროს „პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. თავს დაესხნენ სამართალდამცველებს. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას; შეეცადნენ პოლიციისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა”.
როგორც სამინისტროში გვითხრეს, „პოლიციამ გაფრთხილების მიზნით გაისროლა. ასევე, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები”.
ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი ბუხუტი გოქაძე ამბობს, რომ იმყოფებოდნენ მეგობრის საფლავზე, როდესაც მათთან სპეცრაზმის თანამშრომლები „მივარდნენ“ და მიწაზე დაწოლა მოსთხოვეს. მისივე თქმით, მათ არც თავი წარუდგენიათ და არც რაიმე განუმარტავთ – თუ რა მოქმედებებს მიმართავდნენ ადგილზე. როგორც ის ამბობს, ორი ადამიანი დაჭრილია ფეხში.
ამ დრომდე შსს არ პასუხობს შეკითხვას, არიან თუ არა დაჭრილები, რომლებზეც მოქალაქეები საუბრობენ.
კიდევ ერთი პირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.