დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ნარკოტიკებს ინტერნეტპლატფორმაზე ყიდდნენ – შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს ორი პირი, რომელთაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინმაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 200 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი” და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: „მდმა“, „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“ ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს.

ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7 200 აშშ დოლარი, 3 520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი”, – წერს შსს.