შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით, მშობელი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება“, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.