დაკავებულია ერთი ბრალდებული | „რესპუბლიკელები“ პოლიტიკური ნიშნის გამოკვეთას მოითხოვენ

პუბლიკა

„რეპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, გამოძიება კი ძალადობის მუხლით გრძელდება. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი აცხადებენ, რომ გუშინ, 6 ივნისს რუსთაველის გამზირზე მათ 2 ადამიანი დაესხა თავს. მათი თქმით, თავდასხმის მოტივი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იყო.

დავით ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ მეორე პირს, რომელიც ჯერ დაკავებული არ არის, „ხელს აფარებენ“.

„როგორც ჩანს, ის უფრო უღირს პატრულს თუ სუს-ს თუ სახელისუფლებო სტრუქტურებს. ეს არ იყო მხოლოდ ძალადობა, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობა და მუქარა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ხათუნა სამნიძე, რომელიც დავით ბერძენიშვილთან ერთად საგამოძიებო უწყებაში დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცედურისთვის მივიდა, აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა, გამოძიებამ გაითვალისწინოს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით იყო მოტივირებული.

„ჩვენი მოთხოვნაა, აუცილებლად გაითვალისწინოს გამოძიებამ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და არა მხოლოდ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. მათ გამოიყენეს  სხვადასხვა ფრაზა, რომელიც  ადასტურებს, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო იყო ეს თავდასხმა“, – აცხადებს სამნიძე „TV პირველთან“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის 156-ე მუხლი, რომლითაც პოლიტიკოსები გამოძიების გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ, ითვალისწინებს ადამიანის დევნას, მათ შორის, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.