სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია კაცი, რომელიც 13 წლის გოგოს შიშველი სხეულის ფოტოების გაგზავნას აიძულებდა. ბრალდებული 2000 წელს დაბადებული გ.ბ-ა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 24 წლის კაცი 13 წლის გოგოს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუ მისგან ინტიმური შინაარსის შემცველ ფოტოებს არ მიიღებდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც „facebook”-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრუწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.