დაკავებულია მერიის თანამშრომელი, რომელიც გარემოვაჭრისგან ქრთამს იღებდა - სუსი

პუბლიკა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის  მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის  მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა, “- ამბობენ უწყებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.