დაკავებულია პირი, რომელიც მანქანებს ქირაობდა, სხვადასხვა დეტალს სხნიდა და ახსვისებდა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, დააკავეს პირი, რომელიც მანქანებს ქირაობდა, სხვადასხვა დეტალს სხნიდა და ახსვისებდა.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციის მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-მ ანალოგიური დანაშაული წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა“,- ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულს სხვადასხვა პირისგან თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი აქვს მითვისებული, რომელთა ნაწილი სამართალდამცველების მიერ უკვე ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.