დაკავებულია პირი, რომელიც მეუღლესა და შშმ პირს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დაააკავა. უწყების განცხადებით, ის მეუღლესა და შშმ პირს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.