დაკავებულს, რომელსაც სოციალური მოთხოვნები ჰქონდა, სამართლებრივად ჩვენ დავიცავთ - გუგავა

პუბლიკა

„ლეიბორისტული  პარტიის“ წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, დღეს, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირის სამართლებრივ დაცვას პარტია საკუთარ თავზე იღებს.

„ბანკში შევარდნილი, სოციალური მოთხოვნების დამყენებელი დაკავებულის სამართლებრივ დაცვას ჩვენს თავზე ვიღებთ“, – წერს ის საკუთარ Facebook-გვერდზე.

დღეს, 19:00 საათისთვის წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა პირი, რომელმაც 9 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ შსს-ს განცხადებით, მათ დააკავეს ბანკში შეჭრილი პირი და მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს.

„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან.


სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი თავის მოთხოვნებს ასახელებდა. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტში შეიკრიბონ დეპუტატები და მიიღონ სამი კანონი.

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა თავდამსხმელი.