დახმარება შეეხება თვითდასაქმებულებს, არაფორმალურად დასაქმებულებსა და უხელფასო შვებულებაში მყოფებსაც - გახარია

პუბლიკა

„ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაითვალისწინოს და შესაბამისი დახმარება გასცეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ არაფორმალურად დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე. მისივე თქმით, დახმარება მათაც შეეხება, ვინც კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

„რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, აღრიცხვიანობა პრობლემაა, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რამხელა ხელფასი აქვს, გადასახადებს ყველა უნდა ვიხდიდეთ. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ახლა კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ახლა ჩვენ ვართ ფაქტობრივად ომში, ამიტომ ჩვენ ამ პრინციპით ადამიანებს არ გავარჩევთ, თუმცა არ იქნება მარტივი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით მიიღებს დახმარებას, როგორც კი შეძლებს რაიმე სახით შემოსავალი დაადასტუროს.

„მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა; მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც ის შრომობდა; მძღოლისთვის ასევე მსგავსი, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს ელემენტარულად იმას, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ასეთი სოციალური დახმარება გავცეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.