დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50-ის ნაცვლად 20 ლარი იქნება - ოხანაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების დარღვევისთვის ჯარიმებს განსაზღვრის კანონპროექტზე იმსჯელეს.

როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, პროექტში დახურულ საჯარო სივრცეში ფიზიკური პირების მიერ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა 50 ლარის ნაცვლად 20 ლარით განისაზღვრება.

თავდაპირველად, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ფიზიკური პირის მხრიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დაცვას – 500 ლარით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართლ ბიუროზე განაცხადა, რომ ფიზიკური პირებისთვის არა 50, არამედ 20-ლარიანი ჯარიმა საკმარისი იქნება.

„საჯარიმო სახდელი უნდა იყოს იმდენი, რომ აღწევდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც იმდაგვარად დიდი, რომ ტვირთად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც იმდაგვარი ოდენობის, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა და ყურადღება არ მიექცეს რეგულაციას.

ამ მიზნის მიღწევისთვის არ იქნება საჭირო 50-ლარიანი საჯარიმო სახდელი და საკმარისი იქნება 20 ლარი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ანრი ოხანაშვილის თქმითაც, გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა და  იზიარებს გუნდის პათოსს – ერთი მხრივ, დაცული იყოს სიცოცხლე და მეორე მხრივ, იყოს ისეთი რეგულაცია, რომელიც მძიმე ტვირთად არ დააწვება საზოგადოებას და სანქცია იქნება პრევენციული.

„ვინაიდან ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთან ფულადი სანქციის დაკისრება და ვინმეს დასჯა, პირიქით, ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე, მე ვიზიარებ პათოსს, რომ არ იყოს ფიზიკური პირებისთვის 50-ლარიანი ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დახურულ საჯარო სივრცეში, არამედ ეს შევამციროთ კიდევ და იყოს 20 ლარი განსაზღვრული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ რეგულაციები ეხება პირბადეების სავალდებულო გამოყენებას ინფექციის მაღალი რისკის მქონე ადგილებში. მისი თქმით, ასეთია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი; დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეთა შორის კონტაქტების ალბათობა მაღალია – მას მაგალითად სავაჭრო ცენტრები და მოლები მოჰყავს.

„ის ინტერპრეტაციები, რაც კვირის განმავლობაში მოვისმინეთ, რომ პირბადე გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა და შეიძლება შექმნას პირად სივრცეებში, უნდა ეკეთოს თუ არა ადამიანს ქუჩაში და ღია სივრცეში.. ეს  ინტერპრეტაციები იქნება მოხსნილი მაშინვე, როცა კანონპროექტს დავამტკიცებთ. კანონპორექტით ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას დაევალება, შეიმუშავოს კონკრეტული  ჩამონათვალი იმ ადგილების, სადაც პირბადე იქნება სავალდებულო. ეს ადგილები ისე იქნება განსაზღვრული, რომ ინტერპრეტაციები და დისკომფორტი აღმოიფხვრას”, – განაცხადა თალაკვაძემ.