დახურვაზე საუბარი არაა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა - ჯაღმაიძე პანსიონზე

პუბლიკა

საპატრიარქოში ეკლესიის წარმომადგენლების, ევროკავშირის ელჩის, ხელისუფლების, Unicef-ისა და World Vision-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, დაიცვან ბავშვების საუკეთესო ინტერესები.

ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მისი მოყვანა მოხდება.

„ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ პრინციპზე, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალსიწინებული.

ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა იქნას გადაწყვეტილი ყველა საკითხი.

ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ მოხდეს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, გადაცდომისა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გაითვალისწინოს, ბავშვების ინტერესებშია, არ მოხდეს უტრირება და რამე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემის გამოყენება, რომ ბავშვის ინტერესები არ გადაიფაროს სხვა ინტერესებით.

დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები“. – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.