„დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი" - ბრალდებულმა ბუბუტეიშვილმა სხდომაზე განცხადება გააკეთა

პუბლიკა

ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „დაკვეთით მოქმედებდა”.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა. ბუბუტეიშვილისთვის წარდგენილი ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“, – განაცხადა ბუბუტეიშვილმა.

ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დეტალი აქამდე მასთან საუბარში არ განუცხადებია.

„პუბლიკა” გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებას ცდილობს. ის საქართველოში არ იმყოფება. მისი პირველადი პოზიციის მიღება გამოცემამ პარტიის პრესსამსახურის საშუალებით შეძლო. მათი ცნობით, გიორგი ვაშაძე არ იცნობს ბრალდებულს და მასთან არანაირი შემხებლობა წინა პერიოდში არ ჰქონია. ვაშაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ „პუბლიკა” მის ვრცელ კომენტარსაც შემოგთავაზებთ.

პროცესზევე ადვოკატმა აცილება მოითხოვა, მოსამართლის მიმართვის საფუძველზე ბუბუტეიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.

როგორც ბუბუტეიშვილის განცხადებით აღიქმებოდა, მას მოლოდინი ჰქონდა გათავისუფლების. ხოლო იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში მას ციხეში უწევს ყოფნა, ადვოკატის მიმართ უკმაყოფილება ამ კუთხითაც გამოთქვა.

„ორი თვეა, სამი თვეა მეუბნები, არ აღიარო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, გაგიყვანოთ… ფაქტი სახეზეა, 5 თვეა უკვე ვიმყოფები [ციხეში]… არც ვაშაძეა [გვერდით], ყურადღებასაც არ მაქცევს და არც არავინ და რა ვიცი… დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი, გეუბნებით და „დალშე” თქვენ იცით”, – მიმართა მან ჯერ ადვოკატს, ბოლოს კი მოსამართლეს.

მოსამართლემ მას განუმარტა უფლებები, მოუწოდა, რომ ადვოკატთან ერთად შემდეგ სხდომამდე ჩამოაყალიბოს სტრატეგია და პოზიცია, მათ შორის ბრალის აღიარებაზე, საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართვაზე და ა.შ.

  • ადვოკატი შოთა

  • ფრიდონ ბუბუტეიშვილი

  • მოსამართლე ზვიად შარაძე








  • 01
    /





აღსანიშნავია, რომ აპრილ-მაისში გამართული აქციებისას სისხლის სამართლის წესით 10-მდე პირი დააკავეს. ერთ-ერთმა დაკავებულის ჩვენება შსს-მ მაშინ ვიდეოფორმატით გაავრცელა.

„დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.

დაკავებული აცხადებს, რომ ის, თავისი ნებით მივიდა აღნიშნულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მყოფ მამაკაცთან და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება“, – წერდა შსს.