სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო განცხადებას ავრცელებს, როემლშიც ნათქვამია, რომ საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებას, ვინაიდან კანონი „ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.“
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მიზანს, რომლისკენაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მხურვალედ მიისწრაფვის. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად! მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს:
1. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
2. წითელი ხიდი
3. სოლიდარობის მოძრაობა
4. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
5. საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი
6. მშვიდობის ფონდი
7. საქართველოს უდიები
8. ღია საზღვრები
9. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
10. დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები
11. ასოციაცია უდი
12. სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისთვის
13. ალიქ მედია