დამაპატიმრეს ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი. აი, რატომ მინდა, ბაიდენმა ისაუბროს - სააკაშვილი politico-ზე

პუბლიკა

ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს. წერილში სააკაშვილი აშშ-ის მთავრობას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას, რომელიც საფრთხის ქვეშაა.

სააკაშვილი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, ღიად დაგმოს დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრა და განიხილოს სანქციები მაგნიტსკის აქტის ქვეშ.

ასევე სააკაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავს, გააუქმოს დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის წევრების მიწვევა.

„გწერთ საქართველოდან, თბილისიდან, მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, ქვეყნიდან, სადაც მე ერთ დროს პრეზიდენტად ვმსახურობდი. საქართველოში ოქტომბერში რამდენიმე წლიანი გაძევების შემდეგ დავბრუნდი და დამაკავეს ბრალდებებისთვის, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია. თითქმის 50 დღის განმავლობაში მე ვიშიმშილე, რითაც ჩემი დაკავება გავაპროტესტე, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ბოლო რამდენიმე წელში მმართველმა ქართული ოცნების პარტიამ დაისაკუთრა სასამართლო სისტემა, სახელმწიფო თუ კერძო მედია, კორუფციას ზრდის გასაქანი მისცა, არჩევნებით იმანიპულირა და ქვეყანა პუტინის რუსეთს დაუახლოვა.

ჩემი პრეზიდენტობისას, იმ დროისთვის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესტუმრა საქართველოს და დაჰპირდა აშშ-ის მხარდაჭერას, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიპყრო და ნაწილობრივ ოკუპაცია მოახდინა ქვეყნისა. “ჩვენ, აშშ, თქვენს გვერდით ვდგავართ, თავისუფალი, უსაფრთხო, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ სვლაში” – დაჰპირდა ბაიდენი საქართველოს. მან ჩემს ადმინისტრაციას მოუწოდა უზრუნველყო გამჭირვალე, პასუხისმგებლიანი და ერთიანი დემოკრატია.

დღეს მე მოვუწოდებ ადმინისტრაციას, რომ შეიტანოს თავისი წილი ჩვენი ახალგაზრდა და საფრთხის წინაშე მყოფი დემოკრატიის მხარდაჭერაში. ბაიდენის მიზნიდან გამომდინარე, რომ დემოკრატია წინ წასწიოს ავტოკრატიასთან შედარებით, მე მაქვს იმედი ,რომ ის საქართველოს მთავრობას შეაჩერებს გამოუთხაროს ძირი იმ თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ მძიმე შრომით მივაღწიეთ“, – წერს სააკაშვილი.

ამავე წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არჩევიდან მალევე გახდა ანტიდემოკრატიული, შედეგად, დღეს სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი ორგანოები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თითქმის ექსკლუზიურად ემსახურება მმართველ პარტიას.

„ივლისში თბილისში ძალადობრივი, ანტილგბტ დემონსტრანტები თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, აიძულეს გაეუქმებინათ ღირსების მარში, ამან საბოლოოდ ოპერატორის სიკვდილი გამოიწვია. აქტივისტები საქართველოს მთავრობას ჟურნალისტების და ლგბტ თემის წინააღმდეგ მუქარაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.“

სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა NATO-ს წევრობის გზაზე საქართველოს პრაქტიკული ძალისხმევა.

„ივანიშვილის რეჟიმმა ძალაუფლების გადამეტებისთვის წლების წინ დაუსწრებლად წამიყენა ბრალდებები. ვთვლი, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და საგანგაშო მაგალითია პარტიის მცდელობისა, გააჩუმოს ოპოზიცია. ამიტომ დავბრუნდი საქართველოში ამ შემოდგომაზე, ქვეყნის გარეთ გატარებულუ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიცოდი, რომ სავარაუდოდ ციხეში აღმოვჩნდებოდი. იმედი მაქვს, ყურადღებას მივაქცევდი აქ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, რომელიც ათასობით ქართველმა გასული თვის არჩევნების შემდეგ ქუჩებში გააპროტესტა“, – წერს სააკაშვილი.