„დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში…“, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას. ვოლსკის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„რეფორმებს რაც შეეხება და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული. თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება. მისივე თქმით, საქართველომ წლების განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების კუთხით, თუმცა შეიძლებოდა, უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში იზრდება შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ.
„ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელება, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ასევე COVID პანდემია. ბოლო თვეების განმავლობაში ასევე ისმის კითხვები, საით მიემართება საქართველო. არაფერ საიდუმლოს არ ვიტყვი, რამდენადაც თქვენ ყველამ ნახეთ ევროკავშირის საჯარო რეაქციები ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული რამდენიმე მოვლენის შესახებ.
კითხვები ტენდენციების შესახებ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე, 5 ივლისსა და მასთან თანმხლებ მოვლენებზე, უმცირესობების უფლებებზე, ჟურნალისტების დაცვაზე, მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობაა და კანონის უზენაესობაზე. ადამიანის უფლებებისა და კერძოდ, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის სერვისის გაუქმება. ამ ყველაფრის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა“,- განაცხადა კარცელმა.