„დამცირებით და ძალადობით აიძულებდა, მოწყალება ეთხოვა“- შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში 1984 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა.

ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა. ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ამბობენ უწყებაში.