დამერწმუნეთ, ბევრი მტკიცებულებაა, რომ ეს შედეგს იძლევა – გამყრელიძე ღამით გადაადგილების შეზღუდვაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მოადგილე პაატა იმნაძესა და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილთან ერთად ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ შეკითხვაზე, როდის ექნება შედეგი ღამით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, უპასუხა, რომ არც ერთი შეზღუდვა მყისიერ შედეგს არ იძლევა და ამას დრო სჭირდება.

„ერთმა რეგულაციამ ასე სწრაფად, მეორე დღესვე რომ გამოიღოს შდეგი, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ეგეთი რამ არ ხდება. ეს გახლავთ ერთ-ერთი სეგმენტი იმ მრავალსექტორულ მიდგომაში, რაც ქვეყანაში ხორციელდება – პირბადე, დისტანციური მუშაობა, ხშირი ხელების დაბანა, ასევე, მათ შორის, მობილობის დაგდება და რესტორნების 22 საათის შემდეგ მუშაობის შეჩერება.

ისიც, დიდ ქალაქებში 22 საათის შემდეგ რომ აიკრძალა მოძრაობა, დამერწმუნეთ, ამაზე ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს შედეგს იძლევა და შედეგს ჩვენ დავინახავათ რამდენიმე ხანში. ამას დრო სჭირდება, ხშირად რამდენიმე კვირა, რომ შედეგი ვნახოთ შემზღუდველი ღონისძიებების. არც ერთი შემზღუდველი ღონისძიება მყისიერ შედეგს მეორე დღესვე არ იძლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ შეკითხვაზე ისაუბრა კიდევ ერთხელ პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ოქტომბერში სამედიცინო ჟურნალშ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია, რომელშიც საუბარია ციფრებზე, თუ რა დროში რა შედეგს იძლევა მობილობის შემცირება.

„რეპროდუქციის ინდექსი, ანუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი – თითქმის ნახევრით შემცირდება შეზღუდვიდან ორი კვირის შემდეგ, ხოლო ერთი თვის თავზე ნახევარზე მეტად ამცირებს და ინფექციის გავრცელების სიჩქარის განახევრებას იწყებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.