“ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები „შეკერონ“, ამას არ დავუშვებ. ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება”. – ამბობს თამარ ბაჩალიასვილის დედა ჟურნალისტებთან.
ბაჩალიაშვილის დედა საუბრობს ერთერთი ტელევიზიის ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილმა შეაღწია ისეთ ფაილებში, რომელიც მაღალჩინოსნებს უკავშირდებოდა, და სწორედ ამას მოჰყვა მისი დაღუპვა.
„დამისახელონ ის სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, შეიძლება 3 ადამიანზე მეტიც არის. დაძრულია მთელი საქართველო, უკვე სლოგანიც არის შექმნილი, რომ არის „მკვლელი მთავრობა“. სჯობს, რომ გონს მოეგონ! სანამ გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი, მთავრობამ დაასახელოს ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ჯგუფურად მოკლეს ჩემი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ. მოვითხოვ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო. გააჟღერეთ ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მალე გადაეცით“- ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
_______________________-
თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტყეში იდგა, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. მანქანა მწყემსმა იპოვა.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. საქმეს დაემატა ახალი მუხლიც. როგორც ჟურნალისტებთან ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ამის შემდეგ მას უკვე ექნება საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა გამოძიებას ახალი მუხლი დაემატა – სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.