დამკავებელ პოლიციელს სასამართლოზე ბრალდებულები კვლავ აერია - 4 ოქტომბრის საქმე

პუბლიკა

დღეს 4 ოქტომბრის 15-პირიან საქმეზე მოწმე პოლიციელი, ზურაბ კუპრავა დაიკითხა. სასამართლოში დაკითხვისას მან განაცხადა, რომ გიორგი ქორქიას დაკავებაში მონაწილეობდა, თუმცა სასამართლოს დარბაზში ბრალდებულ ზაქრო ალბუთაშვილზე მიუთითა, რომ ის გიორგი ქორქიაა. სინამდვილეში გიორგი ქორქია 14-პირიანი საქმის ბრალდებულია და დღეს დარბაზში ვერ იქნებოდა.

მოწმე ზურაბ კუპრავამ დაკითხვისას ჩატარებულ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა – მათ შორის 5 ოქტომბერს ათონელის სასახლის ტერიტორიის დათვალიერებაზე, დაკავება-ჩხრეკასა და გამოკითხვაზე;

დაკითხვისას ზურაბ კუპრავას პროკურორმა ჰკითხა – კიდევ რა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, სასამართლოზე მყოფ ბრალდებულებთან; 

მოწმე: ქორქიაა თუ სწორად ვხვდები, ხომ?! მისი დაკავება მაქვს ჩატარებული. თავად მოვიდა საგამოძიებო უწყებაში.

ადვოკატი: რომელია გიორგი ქორქია?

მოწმე პოლიციელი: მარჯვნივ, ყველაზე უკიდურესი. თუ სწორად მახსოვს… თქვენ ბრძანდებით გიორგი ქორქია ბატონო?

ბრალდებული: არა… ასე გვაბრალებთ.

მოწმე პოლიციელი: მე არაფერს არ გაბრალებთ, ბატონო. 

მოსამართლე გიორგი გელაშვილი: დავაკავე პიროვნებაო, ამბობს. თუ მახსოვს, ეს იყოო და თუ არ მახსოვს, ვერ ვიხსენებო. 

ადვოკატი: რამდენი ადამიანის დააკავებაში მიიღეთ მონაწილეობა ამ საქმეში? ერთის ხო, მხოლოდ?

მოწმე: ამ საქმეში კი ბატონო, მაგრამ მარტო ეს ერთი ხომ არ არის… რომ შევხედე, თმა ამ დროს ახლა არ ჰქონდა. ვივარაუდე, ბატონო. შორს ზის. 


15-პირიანი საქმეში ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ:

დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია.

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

ია დარახველიძე – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;