„დამკვირვებლები კარუსელს ვეღარ აღმოაჩენენ“ - რა ცვლილებები მიიღო ცესკომ

პუბლიკა

სამ აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცვლილებები შეიტანა სამ დადგენილებაში.

ცვლილება შევიდა 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“. ამ დადგენილებას ემატება კიდევ ერთი პუნქტი, რომლითაც:

„კენჭისყრის ჩატარებისას, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:

  • კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
  • ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
  • ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება“.

დადგენილების პროექტი ერთხმად მიიღეს. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ეს ცვლილება ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.

„ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს“, – წერს დოლიძე.

3 აპრილის სხდომაზევე ცვლილება შევიდა 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილებაში და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • „კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას (მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრის, ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია საარჩევნო კანონმდებლობით“.

განისაზღვრა, რომ ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთის განმავლობაში.

„თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი, ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია, დაიკავოს კენჭისყრის შენობაში კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილი“, – ნათქვამია დადგენილებაში.

ცესკო ამბობს, რომ მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტო-ვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3-მეტრიანი დისტანციის საშუალებას.

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს – კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ, აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება „კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე“, რაც გულისხმობს:

  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში ფოტო-ვიდეოგადაღების წარმოებას იმდაგვარად, რომ ფოტო-ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმდაგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.
  • მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტო-ვიდეოს გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის  საშუალებას. ასეთ შემთხვევაში, გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
  • ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთის განმავლობაში. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია, დაიკავოს კენჭისყრის შენობაში კომისიის თავმჯდომარის გამოყოფილი სპეციალური ადგილი. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დამუშავება/ფოტო-ვიდეოგადაღება.
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც ფოტო-ვიდეოგადამღები აპარატები გატანილ უნდა იქნას კენჭისყრის შენობიდან.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილებებში ცვლილებების თაობაზე გამოხმაურებებს პასუხობს და განმარტავს, რომ სამართლებრივ აქტებში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა დამკვირვებლების უფლებები არ შეუზღუდავთ.

ცესკო წერს, რომ დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას.