დამნაშავეები პასუხს მკაცრად აგებენ - ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

მსურს, გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას.

ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ.

მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის.

გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.

– ამბობს ღარიბაშვილი.


დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს თავს დაეხნენ. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.

მისი თქმით, მას აქვს დაზიანებები თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას.

მისივე თქმით, თავდამსხმელები „კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აგინებდნენ გამორჩეულად.“