დამოუკიდებელი დეპუტატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 100 /50 საარჩევნო სისტემას მხარს უჭერენ

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” საარჩევნო სისტემაზე განცხადებას ავრცელებენ.

„14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებასა და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება – ნებისმიერ ფასად დაიბრუნოს ძალაუფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, პოლიტიკოსებმა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კონსენსუსის მიღწევაზე უნდა იზრუნონ.

„სწორედ კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება:

1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.

2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ფრაქციის წევრი დეპუტატები.

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების  შემდეგ გაერთიანდნენ: ლევან გოგიჩაშვილი, მარიამ ჯაში, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე.