დღეს თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, კინოთეატრ „ამირანში“ „საქართველოს კინოინსტიტუტის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„დღეს, ჩვენ, საერთო ღირებულებების მქონე კინემატოგრაფისტები ვქმნით ,,საქართველოს კინოინსტიტუტს“ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი ეროვნული კინო, დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება, განვავითაროთ ქართული კინოსექტორი, გავაძლიეროთ საერთაშორისო კავშირები, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კინოს, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადეს კინემატოგრაფისტებმა.
ორგანიზაციის პრეზიდენტი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილია. აღმასრულებელი საბჭოს წევრები კი თეა წულუკიანის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად კინოცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები – დავით ვაშაძე, ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი. ორგანიზაციას ასევე ჰყავს 15-წევრიანი კინემატოგრაფისტთა საბჭო, რომელთა შორის არიან: სალომე ჯაში, თეკლა მაჭავარიანი, ანნა ძიაპშიპა, ანა ხაზარაძე, ნინო ჯინჭარაძე, გიორგი შველიძე, ქეთი მაჭავარიანი, უტა ბერია, ნინო კირთაძე, ნოშრე ჩხაიძე, რატი ონელი, პაატა გოძიაშვილი და ნანა ექვთიმიშვილი.
„თუ კინოცენტრის შემთხვევაში, სახელმწიფო განსაზღვრავს კინოს პოლიტიკას, კინოინსტიტუტის შემთხვევაში, ქართული კინოს პოლიტიკას კინემატოგრაფისტები განსაზღვრავენ“, – განაცხადა რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა პრეზენტაციაზე.
ნუცა ალექსი-მესხიშვილმა აღნიშნა, რომ კინოინსტიტუტმა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის უკვე დააარსა სპეციალური პრიზი, რომლითაც მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორს თბილისის წლევანდელ კინოფესტივალზე დააჯილდოებენ. გარდა ამისა, კინოინსტიტუტის ცნობით, მთელი ზამთრის განმავლობაში „ეზოტოპიაში“ ქართული ფილმების ჩვენებები გაიმართება.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კინოინსტიტუტი კინემატოგრაფისტებისთვის ვორქშოპებს ჩაატარებს, ასევე მათ დაეხმარება სცენარის განვითარებაში. ორგანიზაცია გეგმავს, ხელი შეუწყოს ქართველი მსახიობებისა და ფილმების პრომოუშენსაც.
„არსებობს ინსტიტუტის სხვადასხვა ფორმა, ძალიან მდიდარი ინსტიტუტები მდიდარ ქვეყნებში, შედარებით დაბალბიუჯეტიანებიც… მაგრამ ჩვენ სადაც ახლა ვდგავართ, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ეს არის ქართული კინოს პრომოუშენი. ქართული კინოს პრომოუშენი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ არ დავრჩეთ ხმის გარეშე – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქმის დავიღალეთ იმაზე ლაპარაკით, რა არ მოგვწონს და ბევრი რამე არ მოგვწონს. ახლა უკვე გვინდა გადავიდეთ რეჟიმზე – „რომ არ მოგვწონს რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება?“ – და როგორ შეიძლება, დავეხმაროთ ერთმანეთს და დავეხმაროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქართულ კინოს“, – განაცხადა ნანა ექვთიმიშვილმა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კინოინსტიტუტის წევრთა კოლეგიაში გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იმ წინაპირობით, რომ წევრობის მსურველი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის ღირებულებებს, რომელსაც ვებსაიტზე მალე გამოაქვეყნებენ.