„დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა“ - მოსამართლეთა ნაწილი კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს

პუბლიკა

14 მოსამართლე ღია წერილს ავრცელებს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს.

მოსამართლეები აცხადებენ, რომ კანონპროექტით დასაშვები ხდება მოსამართლეთა დევნა კრიტიკული აზრის გამო და ამ ცვლილებებით, ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება.

„მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება, ასევე, მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს „გადაჭარბებულად“, „არაპროპორციულად“ ან პოლიტიკურად „არანეიტრალურად“ მოეჩვენება. აღნიშნული ცვლილებებით, აკანონებენ ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში. რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა.

დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა. წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორების მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭება ხელს შეუწყობს ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე.

საგულისხმოა, რომ არსებული ეთიკური წესები და დისციპლინური პროცედურები საკმარისად ეფექტიანად უზრუნველყოფს სასამართლოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელია არსებობდეს, ან შემდგომში წარმოიშვას ისეთი გარემოებები, როდესაც მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა, როგორც მოქალაქისა და საზოგადოების წევრის, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა.

თუ პარლამენტი მითითებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისაგან და მუშაობა გააძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეებისათვის დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად.

მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი სასამართლოს შექმნა. სამწუხაროდ, ყველა მოსამართლესთან ტექნიკურად დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა, განცხადება ღიაა ხელმოსაწერად და გასაზიარებლად“, – ნათქვამია მოსამართლეთა ღია წერილში.

განცხადებას ხელს აწერენ: არეშიძე ეკა, გასიტაშვილი ეკატერინე, დარბაიძე ლევანი, დევიძე დევი, ებანოიძე გიორგი, კიკვაძე ციცინო, მესხიშვილი მანანა, მარტიაშვილი ზაზა, მაისურაძე მადონა, მესხიშვილი ქეთევან, სოხაშვილი – ნიკოლაიშვილი თეა, წიკლაური მამუკა, ხაჟომია თამარი, ბადრი ნიპარიშვილი.

ღია წერილს უცვლელად „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.