დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობის - „სინათლე მედიას“ - განცხადება

პუბლიკა

თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები მიმართავენ, ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება.

ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია – დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების სამიზნე.

პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება „იმედი“ თავისუფალი ონლაინმედიის წარმომადგენლებს „აგენტებად“ და „ანტიქართულ“ გამოცემებად აცხადებს. აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეთხზული ამბებისა და ტყუილების კასკადით იგი თავს ესხმის გამოცემებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომლებიც არსებობს კომპანია „Eagle Hills“-ის პროექტსა და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. მას სურს, მედია ვეღარ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, უწყვეტ პროტესტს, პოლიტიკურ კრიზისს, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა კორუფციულ სკანდალებს, ადამიანის უფლებების შელახვას, მწვავე სოციალურ პრობლემებს და ა.შ. ამიტომაც ცდილობენ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს.

დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა – „სინათლე მედიას“ – საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა „ქართული ოცნების” სამიზნედ.

საზოგადოების მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში 22-მა ონლაინმედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100 ათას ლარამდე შემოწირულობა. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები, გადავიხადეთ ვებგვერდებისთვის საჭირო გადასახადები და ა.შ. სოლიდარობის გამომხატველი თითოეული სიტყვა და მოქალაქეების მიერ გაღებული ყოველი ლარი ჩვენთვის ძვირფასი და იმედისმომცემია.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, რომელშიც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე მოვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ.

ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.