დღეს „დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების” პრეზენტაცია გაიმართა.
გაერთიანება 2020 წლის 20 იანვარს დააფუძნა საქართველოში მოქმედმა დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა: “ერთობა 2013-მა”, “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” და “სოლიდარობის ქსელმა”.
ახალი გაერთიანება წარმოადგენს მშრომელთა მრავალფეროვან სპექტრს: მემანქანეებს, ექთნებს, სოციალურ მუშაკებს, ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მთარგმნელებს, მოლარეებს, ჟურნალისებს და სხვა.
ახალი გაერთაინების წევრები აცხადებენ, რომ გაერთიანების მიზანია გააძლიეროს მშრომელთა უფლებები და გააუმჯობესოს სამუშაო პირობები ახალი კავშირებისა და უკეთესი კანონმდებლობის შექმნით. მათივე განცხადებით, აღნიშნულ პროცესში მშრომელთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა მათი უმთავრესი პრიორიტეტია.
„დღესდღეობით არსებობს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე პროფკავშირების გაერთიანება, რომელიც ამბობს რომ ჰყავს 178 000 ადამიანი, ამდენი ადამიანი რომ გყავს, ჩემი აზრით უფრო მეტი ცვლილების მიღება შეგიძლია, 20 წელია საქართველოში მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი, ჩვენ ვითხოვთ 500 ლარს და ეს არის ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ამასთანავე ჩვენი წამოწყებები ხშირ შემთხვევაში იკვეთღებოდა ძველ პროფკავშირთან, მეტროს პროფკავშირი საერთოდ გამოაგდეს პროფკავშირებიდან იმიტომ რომ რაღაცას ითხოვდნენ. ეს არის ყვითელი პროფკავშირები, რაც ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებელთან და სახელმწიფოსთან ხშირ შემთხვევაში არიან გარიგებული.
ეს პროფკავშირი რომელიც დღეს არსებობს ვერ ვხედავთ რომ მართლა ატარებდეს მშრომელების ინტერესებს, ჩვენი მიზანია რომ ეს შეიცვალოს თანდათან და არსებობდეს მშრომელთა ძლიერი მოძრაობა“,- ამბობს სოლიდარობის ქსელის წევრი, ახალი გაერთიანების გამგეობის წევრი რევაზ კარანაძე.