დამოუკიდებლობის დღეს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართება — რა იგეგმება პროტესტის 180-ე დღეს

პუბლიკა

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისთვის თბილისში აქციები იგეგმება. აქცია სახელწოდებით – „საქართველო კვლავ დაგიცავ“ 15:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. მათივე ცნობით, დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

„ჩვენს დამოუკიდებლობას კვლავ რუსეთის იმპერია ებრძვის, რომელმაც გაანადგურა პირველი რესპუბლიკა და წაშალა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორია. რუსი ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა კი დღესაც ცდილობს საქართველოს გმირების ღვაწლისა და თავისუფლების იდეის გაუფასურებას, საქართველოს განეიტრალებას, მის იზოლაციას და მეგობრების გარეშე ჩვენს მარტო დატოვებას რუსეთის პირისპირ. მაგრამ ქართველი ხალხი შეუპოვრად და თავდადებით განაგრძობს ბრძოლას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

26 მაისს რუსთაველზე გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული მეხსიერება და ჩვენი გმირი წინაპრების კვალდაკვალ ხმამაღლა გაისმება ხმები, რომლებიც დღეს ყოველდღიური წინააღმდეგობით იცავენ სამშობლოს რუსთაველზე, საპატიმროებიდან, ემიგრაციიდან, საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან, სადაც ცოცხლობს წინააღმდეგობა! და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოება კვლავ მტკიცედ აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც: რომ საქართველოს ვიცავდით და ვიცავთ მარად! ვიცავდით და კვლავ დავიცავთ! ბოლომდე! ერთად!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ჯგუფ „წინაპრებისა“ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, 26 მაისს მოქალაქეები 15:00 საათზე შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან რუსთაველის გამზირზე, დამფუძნებელთა კრების სასახლისკენ (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე).

სწორედ აქ 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა, რის შედეგადაც ის დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

აქციის მონაწილეები 17:10 საათზე ერთად წაიკითხავენ დამოუკიდებლობის აქტს და „მთელს სამყაროს გავაგონებთ ხმას, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია!“. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს აღლუმი იქნება – ბევრი სიურპრიზით, წარსულის გამოძახილებითა და მომავლის იმედით სავსე.

26 მაისს, 18:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია – „ერთად დამოუკიდებლობისთვის“, რომლის ორგანიზატორიც წინააღმდეგობის პლატფორმაა.

„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ – რუსთაველზე გაცოცხლდება ჩვენი ეროვნული მეხსიერება და თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენ ქართველს გვაერთიანებს ის, რასაც გარდაუვლად დავკარგავთ, თუ რეჟიმი არ შევცვალეთ. 18:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბებით ყველა, ვისაც გვსურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს ბრძოლას შედეგი აქვს და ყოველ დღე, გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება! შევიკრიბებით ერთად დამოუკიდებლობისთვის“, – აცხადებენ ორგანიზატორები.


რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობას, ირაკლი კობახიძის 15 აპრილის განკარგულებით, 26 მაისს შემეცნებით-გასართობი სივრცეები ალექსანდრეს ბაღში, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. თავისუფლების მოედანზე გაიმართება ახალწვეულების ფიცის საზეიმო მიღება. 17:10-ზე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა იქნება ორბელიანის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც ასევე სატელევიზიო ეთერით იქნება უზრუნველყოფილი.