„დამსაქმებელს ნუ გავადრაკონებთ, დამსაქმებელი არის ის ადამიანი, ვინც დოვლათს ქმნის. ქვეყანა და ეკონომიკა დამსაქმებელზე დგას, ესაც გვახსოვდეს და ახლა ჯოხს ნუ გადავღუნავთ მეორე მხარეს. ვაძლევ თავს უფლებას, იმიტომ, რომ შეიმჩნევა ასეთი ტენდენცია ასეთი კანონმდებლობების და კანონპროექტების წარმოდგენისას ამგვარი ფაბულის ირგვლივ. პირდაპირპორპორციულად თქვენ არ გეუბნებით“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შრომითი კანონმდებლობის შესახებ საკომიტეტო განხილვისას განაცხადა და კანონპროექტის ავტორს დიმიტრი ცქიტიშვილს კითხვით მიმართა.
მისი თქმით, არის ისეთი ნიუანსები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ტიპის ცვლილებების დროს. მან დიმიტრი ცქიტიშვილს კითხვა დაუსვა შრომის ინსპექციის მანდატის შესახებ.
„როდესაც ჩნდება ახალი ინსპექცია, როგორც წესი, ეს მინიმალურად მაინც შეიცავს კორუფციის ხიფათს და ბოლო პასაჟს ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება, დღის და ღამის განმავლობაში მოითხოვოს ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანმა ტერიტორიაზე შესვლა, ნებართვის გარეშე. იძულებით შრომა თუ არის, ეს სისხლის სამართლის საკითხია, დაწერო უნდა განცხადება და დაიჭერენ, რაღათ უნდა მაგას შემოწმება, უნდა მიიტანო ამბავი სამართალდამცავ უწყებებში და ამით დამთავრდება ამბავი. სხვა შემთხვევაში ეს რაღაცა სტრესებს გამოიწვევს… კანონით როგორ უნდა დარეგულირდეს ეს? მე, როგორც პრაქტიკოსი, რაღაც საეჭვოდ მივიჩნევ, არა თქვენს სულისკვეთებას, ცხადია. ვიღაცა ადამიანების ჯგუფი დაგადგება ღამის 04:00-ზე, მოეპრიანება რაღაცა, უნდა შეამოწომოს, არის ეს დისკომფორტი.
დამსაქმებლის მიმართ ნუ ვიქნებით ისე განწყობილი, რომ დამსაქმებელი თუ ჰქვია ადამიანს, რაღაცას მალავს, აფუჭებს, აშავებს. ის, რასაც თქვენ საუბრობთ, გეთანხმებით, არის, როგორც წესი მეტწილად ურთიერთგარიგების საფუძველზე. ხშირად დამსაქმებლის კულტურაზე დამოკიდებულია. მე მიმუშავია ინვესტორებთან, რომლებიც არ დაეძებდნენ შრომის უსაფრთხოებას, ოღონდ ყოფილიყო მეტი პროდუქცია, მოპოვება და ა.შ. ხოლო იყო მაგალითად ამერიკული კომპანია წიაღის მოპოვების, რომელსაც საერთოდ არაფერი არ აინტერესებდა, მთავარი იყო შრომის უსაფრთხოება და ა.შ. ეს ნელ-ნელა მაინც განვითარდება, მაგრამ კანონების დონეზე ფრთხილად ვიყოთ”, – განაცხადა ოდიშარიამ.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, თანამედროვე ეკონომიკაში, თანამედროვე მსოფლიო ბიზნესში, მნიშვნელოვანია, რომ შრომის უფლებების დაცვის საფუძველზე ხდებოდეს მოგება და არცერთ შემთხვევაში მოგების ძირითადი კომპონენტი არ იყოს ადამიანის ექსპლუატაცია და მისთვის დაბალი ანაზღაურების მიცემა.
მისი თქმით, თუ ჩვენ ქვეყანას უნდა თავისუფალი ვაჭრობა, „ჩვენი პარტიორები გვეუბნებიან, რომ სამართლიანი თამაშის წესებისთვის ჩვენ გვჭირდება ის, რომ ჩვენ თუ ვიცავთ ამ კანონებს, ჩვენ თუ გვაქვს დანახარჯები, თქვენც უნდა დახარჯოთ, რომ ჩვენთან თავისუფალ და სამართლიან სავაჭრო ურთიერთობებში შემოხვიდეთ”.
„ისე არაა, რომ ჩვენ ახლა რაღაც გადახრას ვაკეთებდეთ დასაქმებულების ინტერესებისკენ, არამედ გასწორებას ვახდენთ და მეტ-ნაკლებად ვუახლოებთ იმ ბალანს, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში, იმისთვის, რომ პროგრესი გვქონდეს ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს კანონპროექტი არ არის საბოლოო, ამის იქით გვექნება კიდევ სამუშაო, იმისთვის, რომ ეს ბალანსი აღდგეს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება შრომის ინსპექციას, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ ნებისმიერ მაკონტროლებელ ორგანოში არის კორუფციის რისკები, ამიტომ ერთი მხრივ, პრაქტიკაში დაინერგა სამხრე კამერები და მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი;
„ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც გაუწევს მონიტორინგს, მეორე მხრივ, ეს იქნება მრჩეველთა საბჭო, რომელთან შეთანხმება და თანამშრომლობა მოუწევს მთავარ ინსპექტორს და მათი მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდება პროცესი.
თუ პროფკავშირები დაინახავენ, რომ არასრულად ასრულებს ინსპექცია მოვალეობას, ან ბიზნესი დაინახავს, რომ მეტისმეტად ჰიპერაქტიურია, ერევა და აფუჭებს საქმეს, ამ შემთხვევაში…ანტიკორუფციული მიმართულებით ეს ზედამხედველობა მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაუფრთხილებელ მონიტორინგს, ცქიტიშვილის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, 100 ინსპექტორი იქნება საქართველოში, რაც დაახლოებით 100-150 ათას კომპანიაზე, ძალიან უმნიშვნელო ციფრია.
„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიაში ყოველთვის შევლენ, ეს არ იქნება პოლიციის მაგვარი სტრუქტურა, ესაა პრევენციული მექანიზმი. თუ კომპანიას ექნება მოლოდინი, რომ დღე-ღამის განმავლობაში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მასთან შემოვიდნენ, მას ექნება ვალდებულება, რომ მუდმივად მზად იყოს მონიტორინგისთვის. და ეს სინდრომია მთავარი ინსტრუმენტი შრომის ინსპექციის და არა ის, რომ შრომის ისპქეცია ყველგან შევა. ასევე ის, რომ ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც დაინახავს, რომ მისი უფლებები ირღვევა, იქნება ორგანო, რომელსაც მიმართავს. აქედან გამომდინარე კომპანიები დაიწყებენ თვითკონტროლს, რომ არ მოუწიოთ მერე ჯარიმების გადახდა”, – აცხადებს ცქიტიშვილი.
საქართველოს პარლამენტმა დაიწყო შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა.
კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში და ა.შ. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.
პაკეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში მათ შორის ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.
პაკეტის ინიცირებული ვერსიით, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ.
გაეცანით ვრცლად კანონპროექტის შინაარსს ბმულზე;