დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1-2 დღით სახლში იყოს - გამყრელიძე

პუბლიკა

„დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად, ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ კითხვის საპასუხოდ, რა წამახალისებელი მექანიზმები შეიძლება იყოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის წასახალისებლად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მათ შემუშავებული აქვთ სხვა რეკომენდაციებიც, რომლებიც მსოფლიოში არსებულ წამახალისებელ მექანიზმებს შეესაბამება.

„ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს – ისინი უფრო მარტივად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის სრული ჩამონათვალი გვაქვს, თუმცა ეს დამოკიდებულია დამსაქმებლებზე.

ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები და დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ. ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ მეტი წახალისება მისცენ აცრებს. მათ შეიძლება ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.