დანაშაული ჩადენის ადგილი უფრო ხშირად სახლია - ფემიციდის მონიტორინგი

პუბლიკა

„ერთი შეხედვით სახლი ყველასთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. თუმცა, სინამდვილეში ბევრ ქალს საშიშროება სწორედ საკუთარ სახლში ემუქრება, “- ვკითხულობთ ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2014-2018 წლებში მომხდარ შემთხვევებს მიმოიხილავს. საქმეთა სამართლებრივი ანალიზი მოიცავს მართლმსაჯულების განხორციელების და სტატისტიკის დინამიკის შეფასებას.

ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით.

ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების და მკვლელობის მცდელობების საქმეებზე ომბუდსმენისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ფემიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2014 წელს (სულ 35 ფაქტი) მომდევნო წლებში ეს რიცხვი შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ფემიციდის მცდელობის მაჩვენებელი გაიზარდა 2017-2018 წელს (18-18 შემთხვევა).

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის სულ 83 საქმე გააანალიზა. გაანალიზებული 83 საქმიდან 44 ეხება მხოლოდ ფემიციდს, 38 – ფემიციდის მცდელობას, 1 საქმე ეხება როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ როგორც ფემიციდის ისე ფემიციდის მცდელობას ყველაზე ხშირად ჩადიან ქმრები/ პარტნიორები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები და შეყვარებულები.

ანგარიშის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის გენდერული მოტივი იკითხება ბრალდებულის, დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებში, სადაც ხშირია გენდერულად განსაზღვრული ლექსიკის გამოყენება. მიუხედავად ამისა, როგორც გამოძიების, ისე სასამართლოს ეტაპზე, პრობლემურია გენდერული მოტივის გამოკვეთა და მასზე მსჯელობა. ყველაზე ხშირად, როგორც ფემიციდის, ისე ფემიციდის მცდელობის ჩადენის მოტივად მითითებულია „შურისძიება“ და „ეჭვიანობა“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2014-2018 წლის საქმეთა ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ქალის მკვლელობის სამ საქმეზე საერთოდ ვერ დადგინდა მოტივი. აქედან ფემიციდის ორი საქმე შეტანილია 2017 წლის ანგარიშში, ერთი საქმე – 2016 წლის ანგარიშში.  რაც შეეხება ფემიციდის მცდელობის საქმეებს, მოტივი არ ყოფილა გამოყოფილი 2017 წელს მომხდარ სამ საქმეში, ასევე 2016 წელს მომხდარ ორ საქმეში, 2018 წელს მომხდარ ერთ საქმეში ასევე არ იკვეთება მოტივი, ხოლო 2014 წელს მომხდარ ერთ საქმეში იყო ერთდროულად ორი მოტივი – ეჭვიანობა და შურისძიება.

გაანალიზებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილი უფრო ხშირად არის სახლი, რაც, ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშაულის ხასიათს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის ბევრი საქმე იყო დაკავშირებული ქალის მიერ „საოჯახო როლის“ შესრულებასთან თუ ვერ შესრულებათან, რაც უშუალოდ წინ უძღოდა დანაშაულს.

რაც შეეხება სასჯელებს, ყველაზე მკაცრი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 2018 წელს ჩადენილ სამი ქალის გენდერული მკვლე­ლობის საქმეზე. ფემიციდისათვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი (2 წლით თავისუფლების აღკვეთა) გამოიყენა 2017 წელს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ.

ფემიციდის მცდელობისათვის გამოყენებული ყველაზე დიდი სასჯელი, 18 წლით თავისუფლების აღკვეთაა. ფემიციდის მცდელობისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა 2017 წელს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით, კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, პრობლემად რჩება ფემიციდის პრევენცია, 2018 წელს კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც მსხვერპლს დანაშაულის ფაქტამდე ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის, თუმცა დანაშაულის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ხუთი წლის განმავლობაში პრობლემა იყო და კვლავაც პრობლემად რჩება გენდერულად სტერეოტიპული გამონათქვამების გამოყენება.