დანიგანი: არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს მის ქმედებებს

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების მიზეზი რუსული კანონი, აშშ-თან მიმართებით ცრუ განცხადებები და დასავლეთისკენ მიმართული ნეგატიური რიტორიკაა.

ელჩის განცხადებით, აშშ აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

„ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.

თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს – ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი”, – განაცხადა ელჩმა მედიასთან საუბრისას.


გუშინ, 31 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაჩერების შესახებ გამოაცხადა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.

„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.