პროკურატურის ცნობით, ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს და დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
როგორც განცხადებაშაი ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა დანიის მოქალაქე წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლიეს და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა – 15.000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
„შემდგომში, უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის – ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, აღნიშნული თანხა დაანაწევრეს და ფიქტიური დანიშნულებისა და ყალბი ინვოისების გამოყენებით უცხოეთში, ბრალდებულისა და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.