დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოზეც და აღნიშნა, რომ არჩევნებში რუსეთის გავლენა აშფოთებს.
„ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, ეს არის თავდასხმა დემოკრატიულ საზოგადოებაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.
8 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომა იმართება – საქართველო შარლ მიშელმა დღის წესრიგში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიყვანა. ის სხდომაზე მისაწვევ წერილშიც აღნიშნავს, რომ გაიმართება შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
„ჩვენ განვიხილავთ არჩევნების შემდგომ სიტუაციას საქართველოში და ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებზე”, – წერს მიშელი.
მისი თქმით, ასევე ისაუბრებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, კონკრეტულად სამი სფეროს მიმართულებით: ორმხრივი ურთიერთობები, უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, განსაკუთრებით უკრაინა, და გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების ჩათვლით.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, მიშელი აღნიშნავს, რომ მსჯელობის თემა ასევე იქნება კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.