დანიის საგარეო უწყება: EPC-ის ფორმატი არ ცვლის EU-ის პოზიციებს და პოლიტიკას საქართველოზე

პუბლიკა

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ არის ევროკავშირის ფორმატის შეხვედრა და არ ცვლის ევროკავშირის პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით.

უწყებამ ეს განცხადება იმასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ შეხვედრაში ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

„ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.

დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა”. – აცხადებს დანიის საგარეო უწყება.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები იღებენ: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპელ ლიდერებთან იმაზე ილაპარაკებს, თუ „როგორ უნდა წაიწიოს საქართველომ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით”.

შეხვედრაზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა წარმოადგენს, რომელიც სამიტს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გაუძღვება.

სამიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ იმსჯელებენ.