„დაპატიმრებული ჰყავთ უმძიმესი ავადმყოფი“ - გიორგი რურუას ადვოკატი

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი რურუას ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. გიორგი რურუას თირკმლისა და ხერხემლის პრობლემები აქვს.

„ციხეში ჩაუტარდა გარკვეული გამოკვლევები… მას აქვს ხერხემლის მრავალსეგმენტური დაზიანება, სპონდილოზი, თიაქარი, დისკოპათია, ასევე თირკმლების პათოლოგია, ორივე თირკმელში აქვს მრავალრიცხოვანი კისტები 41 მილიმეტრამდე… შესაძლებელია, მან დაკარგოს ორივე თირკმელი, როგორც მას ციხის ექიმმა განუცხადა. ვერ იღებს წამალს, რადგან ამ წამლებმა შეიძლება, გამოიწვიოს კენჭების დაძვრა და კისტის გასკდომა და შეიძლება, ეს ფატალურად დასრულდეს.

ასევე, ბატონო მოსამართლე, მას შედედებული აქვს სისხლი. ასევე აქვს მას ნეკნთაშორისი ნევრალგია. მას ოთხი მძიმე პათოლოგიური დაავადება აქვს. ძალიან უჭირს გადაადგილება, იტანჯება მძიმე ტკივილებით. ჩაუტარდა MRI კვლევა, ციხის ექიმებმა გამოუცხადეს, რომ შეუძლებელია მისი მკურნალობა, არა მარტო ციხეში, ზოგადად საქართველოშია შეუძლებელი ოთხი ასეთი მძიმე დაავადების [მკურნალობა]“, – თქვა ადვოკატმა.

გარდა ამისა, უფლებადამცველმა გიორგი რურუას ოჯახის მდგომარეობაზეც ისაუბრა:

 „მას ჰყავს 3 წლის ბავშვი, ძალიან უჭირს ოჯახს მატერიალურად. მას არ ჰყავს დედა და ჰყავს დეიდა, რომელსაც ზუსტად იგივე დაავადება აქვს თირკმელების და მას პატრონი არავინ არ ჰყავს, მარტო ცხოვრობს ეს ქალბატონი. სანამ გიორგის დაიჭერდნენ, გიორგის იმედად იყო და სულ მარტოა გამოკეტილი ეს ქალბატონი და პერიოდულად ემართება კრუნჩხვები, 112-ში დარეკვასაც ვერ შეძლებს. შეიძლება, ნებისმიერ დროს დასრულდეს მისი ცხოვრება ფატალურად. ძალიან მძიმეა გიორგის მდგომარეობა, მძიმეა მისი ცოლ-შვილის და დეიდის მდგომარეობა. დეიდა არის მისი მეორე დედა.

[გიორგის] ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, გადაადგილება არ შეუძლია, ძლივს მოდის ხოლმე სხდომებზე… ვითხოვთ, პატიმრობა გაუქმდეს და თუნდაც შინაპატიმრობა, გირაო, ასეთი ფორმის [აღკვეთის ღონისძიება], ბავშვის და დეიდის გვერდით რომ იყოს და რამე თვითონ არ დაემართოს, ციხეში მისი მკურნალობა შეუძლებელია“, – თქვა ადვოკატმა.

საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა თავად გიორგი რურუამაც:

 „აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. მე შემიძლია, სამედიცინო კუთხით შევაფასო ჩემი მდგომარეობა, კონკრეტულად თირკმელებზე. რეალურად იწვევს ისეთ ფაზებს, როდესაც მიქმნის პრობლემას. ამის შესახებ ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსში არის, შეტყობინებები, ყველაფერი მაქვს გაკეთებული, ორჯერ გავხდი ცუდად და შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ იქ შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, შემოვიფარგლეთ განცხადების გაკეთებით. თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ეს განცხადებები.

თირკმელებში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერება [კრეატინინი] და ესეც შეგიძლიათ, ნახოთ, გაკეთებულია ანალიზები ერთი კვირის ინტერვალით და როცა მომათავსეს [ციხეში], მე მქონდა ნორმაში, მაგრამ მოთავსების მერე უკვე მომატებულია ეს ნივთიერება“, – თქვა გიორგი რურუამ.

გიორგი რურუასა და საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ქორქიას გათავისუფლება დღეს სხვა ბრალდებუბმაც ითხოვეს.

„ჩემი თხოვნაა, რომ რურუასა და ქორიას მიმართ გამოიყენოთ გირაო, ან სხვა რამე, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის 14-პირიან საქმეზე ბრალდებულმა ლაშა ივანაძემ განაცხადა.

„ყველა ვეთანხმებით…“, – განაცხადეს სხვა ბრალდებულებმა.

მოსამართლე: სხვებთან დაკავშირებით სხვა აზრზე ხართ?

ბრალდებულები: ჯანმრთელობაზეა საუბარი.

საბოლოოდ, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი რურუას და სხვა ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიება უცვლელად დატოვა. მოსამართლის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ანეიტრალებს იმ საფრთხეებს, რის გამოც ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან [მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე].

 „ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში არის შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, ტექნოლოგიური აღჭურვილობა და იქ, სადაც კონკრეტული პროფილი არ არის, სამოქალაქო პროფილის კლინიკებშიც ხდება ბრალდებულთა თუ მსჯავრდებულთა სათანადო დახმარებით, გამოკვლევით, რეანიმაციით თუ ა.შ. უზრუნველყოფა“, – თქვა მოსამართლემ.

14-პირიან საქმეზე ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;