დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.
დღეს, ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც მათი განმარტებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ცენტრის საქმიანობის გადაბარების პროცესს უკავშირდება.
„NCDC არის ჩემი საკურაციო ინსტიტუცია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ასე იყო, მე დროებით, ვიდრე ახალი დირექტორის გამოვლენა მოხდება, დროებით შევასრულებ მოვალეობას“,- უთხრა ჯურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდგომ თამარ გაბუნიამ.
შეკითხვაზე, თუ ვინ არიან დირექტორობის სავარაუდო კანდიდატები, გაბუნია პასუხობს, რომ „ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის.“
შეკითხვაზე გამყრელიძის პოსტიდან წასვლა განპირობებულია თუ არა ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებით, გაბუნია პასუხობს, რომ „არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული“.
„არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით, გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდბილად არ არსებობს“,- აცხადებს თამარ გაბუნია.
დღეს ამირან გამყრელიძემ პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს მინი და ჯანდაცვის მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებაა.
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა იქნება. იმ საკითხებს გავივლით, რაც ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ეს საქმეები მიშვებული რომ არ იყოს, გარდამავლი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ, მე ვტოვებ პოსტს. პოსტის დატოვება ჩემი და მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილება იყო“,- განაცხადა გამყრელიძემ.