გლდანში, ახმეტელის მეტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი და სხვა ოპოზიციონერები მხარდამჭერებთან ერთად საინფორმაციო მსვლელობას მართავდნენ, რა დროსაც ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არჩევნების დღეს, როდესაც საარჩევნო უბანთან იარაღიანი ხალხი დადიოდა, პოლიცია უმოქმედოდ იყო.
„შენ არ ხარ პოლიციელი, შენ ხარ მოძალადე, იმიტომ, რომ მოძალადეების გვერდით იდექი, ყველა კადრში იყავი. არც ერთი არ დაგიკავებია. კვიჟინაძე არ არის გარეთ?
დათო კვიჟინაძეზე (კალაძის ძმაკაცი, იარაღით ვინც იყო მომარჯვებული) ეს ადამიანი [პოლიციელი] მეუბნება, თურმე ყოფილა სათამაშო იარაღით“, – მიმართა ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს.
„ჩემს ქვეყანას ვემსახურები, ქვეყანას ვიცავ და ვემსახურები პატიოსნად“ – თავის მხრივ, პოლიციელებმა დაპირისპირებისას განაცხადეს, რომ ნიკა მელია ცრუობს და რომ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე გამოძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, საარჩევნო დღეს გლდანის ინციდენტებზე დაკავებულია 6 პირი.
საინფორმაციო მსვლელობა დედაქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად იმართება. ოპოზიციის წევრების თქმით, ამ აქციის მიზანი მოქალაქეების ინფორმირებაა დაგეგმილ ნაბიჯებსა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
ერთი საინფორმაციო მსვლელობა გაიმართა ნაძალადევში, ცოტნე დადიანის გამზირის გავლით ღრმაღელის მეტრომდე. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრმა და მხარდამჭერებმა დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლითაც საზოგადოებას ამცნეს თავისი პოზიცია, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მოუწოდეს, მივიდნენ კვირას, 8 ნოემბრის აქციაზე.
„საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ნაძალადევს ოლქში ფიქსირდება უამრავი უბანი, სადაც ზედმეტი ბიულეტენია, არის უბნები, სადაც ფიქსირდება ბიულეტენები ნაკლებობა. მხოლოდ ნაძალადევს ოლქში ბათილად არის ცნობილი 7 000 ბიულეტენი, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – განაცხადა ნაძალადევის ოლქში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.