ხმაური და დაპირისპირება იყო ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ჭალეს მუნიციპალიტეტის ეწერფერდის თემის მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს.
სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის ორი მონაწილე. არიან თუ არა ისინი დაკავებულები, ინფორმაციას „პუბლიკა” შსს-სთან აზუსტებს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
როგორც ადგილობრივები „ტვ პირველს“ ეუბნებიან, საჭიროა გზის რეაბილიტაცია, რადგან გზაზე გადაადგილება არის რთული, იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სკოლებში ვერ დადიან ბავშვები.
„გზა არ არის… ბავშვები სკოლებში რომ გავუშვათ მაგის საშუალება არ გვაქვს. ვინმე სოფელში ავად რომ გახდეს, სასწრაფოს ერთი საათი უნდა, რომ მოვიდეს”. – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მისმა გუნდმა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა გააკეთა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე დოკუმენტი საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, საკრებულომ ის არ დაამტკიცა.