დაპირისპირება „თერგის“ ბაზრობაზე – მოვაჭრეები ბაზრის დახურვის საკითხზე ვერ თანხმდებიან

პუბლიკა

„თერგის“ ბაზრობაზე მოვაჭრეთა ნაწილი სამუშაოს დროებით შეჩერებას და ბაზრის ტერიტორიის დეზინფექციას მოითხოვს, რასაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ამ მოთხოვნით მათ ადმინისტრაციასაც მიმართეს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბაზარში მყიდველი აღარ დადის, რის გამოც ისინი გადასახადებს ვეღარ გადაიხდიან.

„მხოლოდ ვითხოვთ ორი კვირით დაიკეტოს, მარტო ჩვენი ბაზრობა არა, თბილისის მასშტაბით ბაზრობები, ყველანი ვიყოთ თვითიზოლაციაში”;

„ჩვენ გვეშინია ამ ვირუსის და მაგიტომაც გვინდა, ბაზრობაზე კარანტინი გამოცხადდეს და ორი კვირა იქნება თუ ერთი თვე, დაიკეტოს”, – აცხადებს მოვაჭრეთა ნაწილი;

დღეს ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეთა შორის დაპირისპირებაც მოხდა, რადგან ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზრის დახურვის აუცილებლობა არ არის.

„ეს არის ჩვენი შემოსავლის წყარო. თუ დაიკეტება, დღეს არავის არ აქვს თანხა დადებული, რომ ადამიანმა თავი ირჩინოს”, – აცხადებენ ბაზრის დახურვის მოწინააღმდგეები.

თერგის ბაზრობაზე მომუშავეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ბაზრის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მიღებაში მთავრობაც დაეხმაროს.

„მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, დაეხმაროს დირექციას და გადაწყვიტონ. დახოცეს ახალგაზრდებმა ერთმანეთი. მარტო დირექცია არ არის აქ, არის ჩვენი მთავრობაც. მიხედონ ამას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

„იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, თავისთავად ცხადია, ყველა ბაზრობა დაიხურება. მთავრობის გარეშე ვერავინ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა, რომელიც „თერგის ბაზრობის” ადმინისტრაციის წარმომადგენელია.