დარახველიძე: აქციის ფარგლებში სსკ-ით დავაკავეთ 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციულით - 372

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 28 ნომებრიდან დღემდე, საპროტესტო აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 372.

დარახველიძემ თქვა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 62 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 100-ზე მეტი – დააჯარიმეს.

სხვების მიმართ სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

ალექსანდრე დარახველიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ დაკავებული ადამიანები პოლიციელების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე ლაპარაკობენ – მათ ფიზიკურად უსწორდებიან.

თუმცა, ილაპარაკა დაშავებულ პოლიციელებზე და ძალადობაში ბრალი აქციის მონაწილეებს დასდო.

მან დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების” ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც პროტესტებზე პირბადის და ნებისმიერი სახის ნიღბის აკრძალვას ეხება.

თუმცა, არაფერი თქვა იმაზე, რომ პოლიციის სხვადასხვა დანაყოფები ნიღბებით არიან და ძალადობის დროს მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია.

უკვე 11 დღეა, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, უარი თქვას საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება მათ სასტიკად უსწორდება. დასაშლელად იყენებს სპეცრაზმს, ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს.

დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, დაწყებულია აქციის მონაწილეების სისხლის სამართლის წესით დევნა.

ასევე, ექიმები გამოთქვამენ შეშფოთებას იმ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ხელისუფლება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს, ვინაიდან შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.