დარახველიძე არ უარყოფს, რომ ბრიუსელის დელეგაციის ერთ-ერთ წევრად განიხილებოდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ უარყოფს, რომ განიხილებოდა ერთ-ერთ წევრად იმ დელეგაციაში, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგს უნდა დასწრებოდა.

ევროკავშირისა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ინფორმაცია თავდაპირველად 18 ნოემბერს ონლაინგამოცემარეალპოლიტიკამ“ გაავრცელა.

მიზეზად, „რეალპოლიტიკის“ ცნობით, გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.

ინფორმაციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ „21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო „სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით“.

„ოცნების“ საგარეომ დაწერა, რომ „ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი.  ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიცია“.

დღეს, 19 ნოემბერს ტელემედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირი, რომლის შეყვანასაც დელეგაციაში ცდილობდნენ, „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა.

დარახველიძე დღეს „ოცნების“ პარლამენტშია და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს წარადგენს.

ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ „ყველა კითხვას უპასუხებს სხდომის დასრულების შემდეგ“.

ალექსანდრე დარახველიძე დიდი ბრიტანეთის, ლატვიისა და ჩეხეთის მიერ არის სანქცირებული.