„რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ამ შემთხვევაში, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში. ვიმეორებ, შემთხვევა იყოს ის, რომ ყველა ხედავდა, 2024 წლის წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, 171 პოლიციელია დაშავებული“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს. ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.