შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას 28-29 ნოემბრის ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შესახებ.
დახარველიძემ თქვა, რომ „ამისი სურვილს და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა”.
ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა, მათ შორის, Formula TV-ის ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელსაც პოლიციელმა თავში ჩაარტყა. ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გურამ როგავას აქვს სახის ძვლების და კისრის მალის რკალის მოტეხილობა. საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პოლიციამ იძალადა სხვა ჟურნალისტებზე, მათ შორის „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვლზე, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა. ყველა დაშავებულ ჟურნალისტს ჰქონდა პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი და თავადაც ამბობდა, რომ ჟურნალისტია.
ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, „როცა აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს და ხდება თავდასხმები და ძალადობრივი მოქმედებები, იზრდება რისკები სხვადსხვა პირების, მათ შორის, ჟურნალისტების დაშავების შემთხვევები”.
„ეს არ იყო აქცია, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა. იყო აგრესიული თავდასხმები, მათ შორის, ქვების სროლა, სხვადასხვა ნივთების სროლა. ასევე, საზოგადოებამ კარგად იხილა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო საკუთრებიდან ხდებოდა გარკვეული ნივთების გამოტანა, ბარიკადების მოწყობა, ცეცხლის დანთება, პიროტექნიკის სროლა და ა.შ. შესაბამისად, იქ იყო ძალადობრივი მოქმედებები, რაზეც პოლიციას უწევდა იმ იძულების ღონისძიებების გამოყენება, რაც კანონით არის განსაზღვრული.
ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. ამისი სურვილს და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა. მაგრამ იყო გარკვეული შემთხვევები, როცა მოხდა დაზიანება”. – თქვა შს მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე დასძინა, რომ შსს არ არის უფლებამოსილი, თავისი თანამშრომლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიძიოს, მით უფრო, როცა საქმე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხება და ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა.