დარახველიძე: სანქციები დაუსაბუთებლად მივიღე, ბრიფინგი რატომ ჩაატარეო, დაახლოებით ასეთი არგუმენტი იყო მოცემული

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მას „ყოვლად დაუსაბუთებლად“ დაუწესდა სანქციები და მის მიერ კანონდარღვევის „არანაირი მტკიცებულება“ არ არსებობს.

ალექსანდრე დარახველიძემ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც „ოცნების“ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა დარახველიძეს მისთვის დაწესებული სანქციები შეახსენა.

ხვედელიანმა ასევე გაიხსენა გასულ წელს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებიც, სადაც მისი თქმით, „აქციის მონაწილეებზე იძალადეს“. დეპუტატის განცხადებითვე, „არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული“.

„შესაძლებელია, იყო გარკვეული შემთხვევები, სადაც ხდებოდა ძალის გადამეტება, მაგრამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე და არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ეს ხალხი ჭრილობებს იშუშებს.

ქალბატონო ტატა, თქვენგან ეს შეფასება ძალიან გამიკვირდა. 15 წუთში ერთხელ იყო სამინისტროს ვებგვერდზე გაფრთხილება, რომ „თავი შეიკავეთ, ნუ გამოხატავთ აგრესიულად პროტესტს, გამოხატეთ მშვიდობიანად პროტესტი“ და ამის შემდეგ იწყებოდა საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება. მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდა თქვენგან ეს შეფასება – ადამიანისგან, რომელიც სისტემაში მუშაობდა და იცის თითოეული პოლიციელის გასაჭირი. როგორი ძნელია, როცა დგახარ კორდონში და თავზე ქვები გეცემა, როცა ფოიერვერკების წვიმას გიშენენ და ამ დროს ვალდებული ხარ, რომ იდგე და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. ძალიან გამიკვირდა.

რაც შეეხება ჩემი სანქცირების საკითხს, როცა ევროპულ ღირებულებზე საუბრობთ, მივიღე სანქციები ყოვლად დაუსაბუთებლად. ერთი არგუმენტი, ერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა, ჩემი მხრიდან რაში გამოიხატა კანონდარღვევა. მხოლოდ 2 ხაზი, ბრიფინგი რატომ ჩაატარეო, დაახლოებით ასეთი არგუმენტი იყო მოცემული. ამ დროს, ყოველგვარი სასამართლოს, შეპასუხების, მტკიცებულების გარეშე მივიღე ეს სანქციები. თუ ეს ასეა საჭირო, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მზად ვარ, რომ ასეთი სანქციები მივიღო, როცა საპირწონედ დგას ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო გადატრიალება“, – თქვა დარახველიძემ.


ალექსანდრე დარახველიძეს სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ასევე, როგორც „პასუხისმგებელ პირს, მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე“, დარახველიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ჩეხეთმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ალექსანდრე დარახველიძე იყო ის სანქცირებული პირი, რომლის დელეგაციაში ყოფნის გამოც, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა.

დარახველიძემ არ უარყო, რომ განიხილებოდა დელეგაციაში ერთ-ერთ წევრად.

ინფორმაციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ „21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო „სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით“.

„ოცნების“ საგარეომ დაწერა, რომ „ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი.  ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიცია“.