დარახველიძე: უცხოელები აქციებში მონაწილეობდნენ, კანონის არარსებობის გამო ვერ გავაძევეთ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო შსს-ის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხება.

ცვლილება შედის 18 კანონში, მათ შორისაა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსები.

ცვლილებები „ქართული ოცნების” შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებობდეს საიმისო მექანიზმი, რომ ქვეყნიდან მოხდეს იმ უცხოელის გაძევება, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს.

დარახველიძემ ამ კონტექსტში პროევროპული საპროტესტო აქციები ახსენა და თქვა, რომ მასში მონაწილეობდნენ უცხოელები, რომლებიც „დესტრუქციულ ქმედებებში იყვნენ ჩართული“. მისივე მტკიცებით, „დიდია იმ ქვეყნების რაოდენობა, ვისი მოქალაქეებიც ამ აქციებში მონაწილეობდნენ“.

„ოცნების“ შს მინისტრის მოადგილემ, რომელსაც რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა – ფინანსური სანქციებიც, დღეს „ოცნების“ პარლამენტში თქვა, რომ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც „დესტრუქციებში მონაწილეობდნენ“, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა, არ არსებობდა გაძევების არანაირი მექანიზმი – მათ საქართველოში 1 წლის ვადით დარჩენის შესაძლებლობა აქვთ.

„[ახალი ჩანაწერი] მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მიზნით შემოდიან, გამოყენებული იყოს ღონისძიება – ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული“, – თქვა მან.

დარახველიძე ასევე ირწმუნება, რომ „ამ პირების გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში აქციების წინა დღეებში შემოვიდა“.

„ეს ფაქტი შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნებს აჩენდეს. იყო შემთხვევები, როცა ეს ადამიანები გარკვეულ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. ორგანიზაციული ნაწილი რომ გამოკვეთილიყო, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგებოდა.

დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული. მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დაიწყო კონკრეტული პირების დაკავება და ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

თუმცა, სამწუხაროდ, საქმეს ართულებდა ის, რომ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული პირების მიმართ 10-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოხდა, მათ საქართველოში უვიზოდ დარჩენის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა ვერ დავიწყეთ“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

მან ხაზი გაუსვა უცხოელების მხრიდან „ისეთ დარღვევებს, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა“.

„ეს ის შემთხვევებია, რასაც აქციის მოძალადე წევრები იყენებენ პოლიციის და სახელმწიფოს მიმართ იყენებენ. ასე რომ, თუ ჩვენ გვექნება ეფექტური მექანიზმი და პასუხს გავცემთ დესტრუქციული ქმედებებს, ეს აქციებში მსგავსი ძალების ჩართვის პრევენციას შეუწყობს ხელს“, – თქვა „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილემ.

წარმოდგენილი ცვლილებებით, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია“ დაგეგმილი, უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შესაძლოა, მისი საქართველოდან გაძევება და მის მიმართ საქართველოში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვა გამოიწვიოს.

ეს უცხოელის მიმართ იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ის შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს.

ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში ინერგება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

დარახველიძის თქმით, ის, ვინც 3 თვემდე ვადით დაარღვევს საქართველოში მოგზაურობის წესებს, ნაცვლად არსებული 180 ლარისა, 1000 ლარით დაჯარიმდება და ქვეყანაში შემოსვლაზე 6-თვიანი აკრძალვა დაუწესდება. თუ დაარღვევს 3 თვიდან 1 წლამდე – დაუწესდება 2000-ლარიანი ჯარიმა და ქვეყანაში შემოსვლა 2 წლით. თუ 1 წლით ან მეტით დაარღვევს, ჯარიმა არის 3000 ლარი, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა – 3 წელი.

ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ილაპარაკა შრომით მიგრაციაზე საქართველოში და თქვა, რომ მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში დაზუსტდება, რომ „კომპანია დაჯარიმდება, თუ დაასაქმებს ისეთ უცხოელს, რომელსაც არ ექნება საქართველოში მუშაობის უფლება”.

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებებით:

  • ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
  • ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
  • მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
  • ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;
  • შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.