„ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, სანქცირებულმა მირზა კეზევაძემ თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, კეზევაძე „არავის გაუშვია სამსახურიდან“ და მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, – თქვა დარახველიძემ.
მირზა კეზევაძე, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ჩეხეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერაა სანქცირებული. მას დაწესებული აქვს როგორც ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, ასევე სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა.
კეზევაძე შეერთებულმა შტატებმა მაგნიტსკის სიაშიც შეიყვანა.
მირზა კეზევაძეზე ბრიტანეთის მიერ გამოცემულ სანქციების პაკეტში აღნიშნულია, რომ პროტესტების დროს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპოლიციო დეპარტამენტის ძალებმა იძალადეს მოქალაქეებზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე, ხოლო კეზევაძე, როგორც გდდ-ის მოადგილე, პასუხისმგებელი იყო ამ პროცესის ზედამხედველობაზე.